03.09.2013
terentis
37, Tbilisi, Georgia

ჭეშმარიტ ქართველ პოეტთან ტერენტი გრანელთან დიდი ხნის ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებდა. დღეს მინდა მოგითხროთ ერთი ეპიზოდი, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი.
1923 წლის გაზაფხულზე ცნობილმა ქართველმა მხატვარმა მოსე თოიძემ რუსთაველის თეატრთან ახლოს, დღევანდელი კულტურის სამინისტროს შენობაში (ადრე “ჩემოს” სახელით იწოდებოდა) გამართა თავისი სტუდიის მოწაფეთა ნამუშევრების დიდი გამოფენა. რამდენიმე სურათი მეც მქონდა აქ წარმოდგენილი. მათ შორის ერთ ყველაზე დიდ ტილოს ეწოდებოდა “სევდა”. ეს გახლავთ ლამაზი ქალი, რომელსაც ტანზე გველი ჰყავდა შემოხვეული. სიმბოლურად ამ ნახატში ჩაფიქრებული მქონდა სამშობლო, მისი მძიმე ბედი.
გამოფენას დიდძალი ხალხი ესწრებოდა. ერთხელ, მოულოდნელად, ერთი ახალგაზრდა მომიახლოდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა.
- ყოჩაღ, მხატვარო, შენ კარგი სურათი დაგიხატიაო! – შემდეგ დასძინა: – მე ვარ პოეტი ტერენტი გრანელი!
ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მე შევცბი! ტერენტის მე დიდი ხანია ვიცნობდი მისი წიგნებით, მისი შესანიშნავი ლექსებით, მაგრამ პირადად, იმ დღეს შევხვდი.
საგამოფენო დარბაზი ძველი იყო, ნახანძრალი, ხანძრის შემდეგ არც კარები ჰქონდა, არც ფანჯრები და ყველგან ქარი დათარეშობდა. ერთ დღეს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რამაც ძალიან შემაშფოთა. გავვარდი გამოფენის დარბაზისკენ და რას ვხედავ! მოსე თოიძე, ირაკლი თოიძე, მათი ბევრი მოწაფე უკვე მოსულან და დარბაზში მიმობნეულ ნახატებს აგროვებენ. ვხედავ, ჩემი ნახატები, რომელნიც ქაღალდზე მქონდა შესრულებული, იატაკზე მიმოყრილა და მათ ტერენტი გრანელი აგროვებს. მე ამან ძალიან ახლოს მაგრძნობინა ტერენტი გრანელი როგორც ადამიანი, როგორც შემოქმედი, სხვისი შრომის დამფასებელი. ტერენტი მომიახლოვდა, მოგროვილი ნახატები გამომიწოდა და მითხრა:
- ნუ გეშინია, კორნელი! ეს სურათები ისევ აღდგება და შენ ამის გამო არ ინერვიულოო.
არ გასულა დიდი დრო. ერთხელ, საღამო ხანს, კარებზე კაკუნი გავიგონე. გავაღე; კარებთან გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი და დრამატურგი გენო ქელბაქიანი იდგნენ. სოფლიდან ჩამოტანილი “ადესა” მქონდა. გამეხარდა მათი სტუმრობა. ოთახში შემოვიპატიჟე.
მალე დაიწყო კამათი, საკუთარი ლექსების კითხვა. გალაკტიონმა რამდენიმე თავისი ახალი ლექსი წაიკითხა, ტერენტიმ – თავისი. მეც გავთამამდი და ჩემი ერთი მეტად სევდიანი ლექსი წავიკითხე. ტერენტის არ მოეწონა. ძალიან განაწყენდა. წასვლა დააპირა.
გენო ქელბაქიანი წინ გადაუდგა. არ უშვებდა. ტერენტი ვერ დაწყნარდა, არ ჩერდებოდა. ახლა გალაკტიონიც ჩაერია საქმეში. მან ჩემ მაგიერ დადო პირობა, რომ მე ამის შემდეგ ასეთ სედიან ლექსს არ დავწერდი.
ამის შემდეგ ჩვენ ისე კარგი განწყობილებით დავამთავრეთ იმღამინდელი შეხვედრა. სიკვდილამდე ასეთი განწყობილებით ვიყავი და ასე გულწრფელად ვმეგობრობდი ტერენტი გრანელთან.

3 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes