მაცხოვრის დედულის მყიდველ-გამყიდველთათვის
32, Tbilisi, Georgia

ღვთისმშობლის წილ მამულიდან
ღვთივ, აქამდის შერჩენილი,
ისიც გაჩხიბ გათვალული
ერთი ციდა სავარგული...
მკალი - სამკალს მოდებული,
მუმლი მუხას შეჩენილი,
გასხეპილი ზვარ-ბაღი და
გათელილი მინდორველი...

თუკი კიდევ რამე დარჩა
გასაჩუქებ-გასასყიდი...
შინამტერი გზად და ხიდად,
უცხო გზირი,
უცხო ჩარჩი -
ჯგრო თვალხარბთა -
ზედ რო მიდის...

მოდით -
ჩემო ჩინელო და
მონღოლო და ინდოელო!
მოდით არაბნო და ბურნო!
მოდით, შორით მოწვეულნო,
ბილიკით და გზით ყოველით...
სანამ დედამიწა ბრუნავს,
და კვლავაც ცით ველი მკურნალს
და მაღრიბით და მაშრიყით
რომ არც ვუწყი, ვის მოველი!..

იმდენი მაქვს წაგლეჯილი
( თუ რამ კიდევ წასაგლეჯი
დამრჩა რამ და დამრჩა სადმე,
ვინ ოხერი რას დაგიშლით...),
ვზი - უსაზმნოდ დაღრეჯილი,
და ხმაწაგვრილ აჯა-ხვეწნით
კვლავ აღვავლენ უფლისადმი
ლოცვას - მწირი ღვთისმოშიში...

თქვენ - ესოდენ ვრცელი ქვეყნის,
თქვენ - ესოდენ დიდი ქვეყნის
პატრონთ - თუ გჭირდებათ შველა,
ნუ გექნებათ კდემა-რიდი...
თუ გიჭირთ და
ისე გიჭირთ,
მიწა - ფეხის დასადგმელად
არა გყოფნით -
მიბრძანეთ და -
ჩემის გულუხვობის ნიჭით -
ფეშქეშ იყოს - არა ვყიდი!..

თუმცაღა ჯერ არცერთისგან
არცროს მახსოვს ძმობა დიდი
ძარცვა-გლეჯის,
მოოხრების,
ჩემზე ველურ ჟინს იყრიდით...
ჩემი ყველა მტერ-მოშურნის,
შინაგამცემის და ფლიდის
გვერდით -
ფრიად თავდადებით,
ნასუფრალის თქვლეფად ვლიდით...

და რაც ხარბად შემომაფცქვნა
ველურმა და უგვარტომო
ბრბომ და ხროვამ, მაოხართა -
საიდან არ მოდენილმა,

ათასჯერ რომ დამინაცრა,
ოდაც, მიწურიც და ფაცხაც...
რაც სვემ ჩემზე ჭირი ხლართა,
ვინ მოთვალოს და მომარცვლოს,
თუ არ ერთმა - ოდენ იმან...

აწ ციდათი გასაზომი
ძღვისპირიღა დამრჩა მცირე...
ჩრდილო მხარით - აფხა-ზანით
( ღვთის სახლებით უნათლესით...) -
ბიჭვინთით და ილორით და
ათონით და ოჩამჩირით,
გაგრით, ცხუმით, გალით - მზარავს
რაც დღეს მოთქმა-კრულვა მესმის...

ედემს მიჯეგს ჩექმა სკვითის,
განძრევაც არ ძალმიძს თითის...
ვხედავ, რომ იქიდან აყრას
უმალ ამჯობინებს სიკვდილს...

და თქვენ ამ დროს რაღა გითხრათ,
თუ ჩემს ტყეზე სული მიგდით...
სასაფლაოს გზას რომ მიხნავთ,
ისე, რომ არც მომირიგდით...

რა ჩარა მაქვს, როცა ოდით
შიშვლისათვის პერანგს ვიხდი...
კაცი ვარ და
გული მაქვს და
ერთ დროს მეც ფრთებს ცისკენ ვშლიდი...

რაც დღეს ჩემს თავს ქვა ტრიალებს -
რა ბაზალტიც, რა გრანიტიც,
ყველა ვიცი, რისგან არის,
თუმც ამაზეც დღეს არ ვიტყვი...

როცა ჩემი შინამტერნი
( სულ საჩვენებელნი თითით...)
ვერ ძღებიან თავის ერის
სისხლით, ხორცით, ტანჯვით, სყიდვით...

მიწას ავად დაღერილნი
( ვერცხლმოყვარის ველურ მადით...) -
არც ადებენ დიდ საღირალს
( დიდი უდგათ მამითადიც...)...

ამ დროს ვისი რა ბრალია,
ანდა თქვენი, ანდა მათი,
თუ ასეთნი შობა ეშმამ,
სძალავთ ვისიც ანდამატი...

და თქვენც, ვხედავ, მეტად გიჭირთ
( რიგში ჩამდგართ მჭიდროდ, მიჯრით...)
მე კი - უფლის განსასჯელი -
მიწას ვერცხლზე არა ვყიდი...
უკანასკნელ ფესვებს ვიჭრი...
გულში ურგებ მახვილს ვიჩრი -
ფეშქეშ თქვენდა, რასაც ჯერაც
ჩემად სასამარედ ვთვლიდი!..

2 skatījumu
 
komentāri
kobale 22.05.2013

*THUMBS UP* *THUMBS UP* *THUMBS UP* *THUMBS UP*

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes